ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას "არასწორი ინფორმაციის" გავრცელებისთვის უჩივლოს.
როგორც ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ გასცა კოვაქვს პლატფორმამ სააგენტო ინტერნპრესნიუსს ინფორმაცია, თითქოს "თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს".
მინისტრი ამბობს, რომ პლატფორმასთან კომუნიკაციის ფარგლებში, რომელიც 18 სექტემბრიდან დაიწყო, მსგავსი შინაარსის წერილი ჯანდაცვის სამინისტროს არასდროს მიუღია.
"შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში - ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ კოვაქს უჩივლა. შესაბამისად ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით ჯერ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ჯერ უარყონ ბრალდება ჯანდაცვის სამინისტროზე", - ამბობს ტიკარაძე.
კითხვას - "შეიძლება საქართველოც მოხდეს იმ ქვეყნების რიგში ვინც უჩივლებს კოვაქვს პლატფორმას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე", ტიკარაძე ასე პასუხობს:
"გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის რეპუტაციულ რისკებზე საუბარი, მე ამასაც არ გამოვრიცხავ. რადგან ეს ყველაფერი სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოყენებულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ მოხდეს დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია; ჯანდაცვის სამინისტრო ამას არ დაუშვებს და არ გავხდებით იმის მიზეზი, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არის ჩვეულებრივი ბრალდება", - აღნიშნა ეკარერინე ტიკარაძემ.
კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - უთხრეს მათ ინტერპრესნიუსს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, კოვაქსის ინფორმაციით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".